2019 წლის 25 აპრილს ქართულ-გერმანულ ცენტრს ოფიციალური ვიზიტით ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი ჰუბერტ ქნირში მეუღლესთან ერთად. საპატიო სტუმრები დიდი ინტერესით გაეცვნენ ქართულ-გერმანული ცენტრის თითქმის 25 წლოვანი ისტორიის მანძილზე განხორციელებულ კულტურულ, საგანმანათლებლო თუ საქველმოქმედო წარმატებულ პროექტებსა და პროგრამებს.
ბატონი ელჩის აღფრთოვანება გამოიწვია ცენტრის მოსწავლეების გაცნობამ. ის დაესწრო სასწავლო პროცესს, გაესაუბრა სხვადასხვა პროგრამებში მონაწილე მოსწავლეებს, სტუდენტებსა და იმ ახალგაზრდებს, რომელთა კარიერული წინსვლაც გარკვეულწილად ქართულ გერმანულ ცენტრთან არის დაკავშირებული. სტუმრების მხრიდან განსაკუთრებით აღინიშნა ახალგაზრდების გერმანული ენის ცოდნის მაღალი დონე. ქართული კულტურის გაცნობის მიზნით საპატიო სტუმრებისათვის შესრულდა რამოდენიმე მუსიკალური ნომერი.

ბატონმა ქნირშმა ისაუბრა იმ დიდ წვლილზე, რაც ქართულ-გერმანულ ცენტრს შეაქვს გერმანიასა და საქართველოს შორის ურთირთობების განვითარებაში. გაწეული საქმიანობისთვის მან მადლობა გადაუხადა ქალბატონ ნანა მეგრელიშვილს, ქართულ-გერმანული ცენტრის დიდ და მეგობრულ ოჯახს და გამოთქვა სრული მზადყოფნა, პარტნიორობის ფარგლებში, ტრადიციულად გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს მომავალი ურთიერთობები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და ქართულ-გერმანულ ცენტრს შორის.
 
გაეცანით ქართულ-გერმანული ცენტრის სიახლეებს