ქართულ-გერმანულ ცენტრსა და „მეიჯერელ საქართველოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, “მეიჯერელ საქართველო” 40 ახალგაზრდას ნაწილობრივ დაუფინანსებს სწავლის საფასურს. ვერბალური გამოცდისა და ტესტირების საფუძველზე, ქართულ-გერმანული ცენტრის ქუთაისისა და თბილისის ოფისებში შეირჩა შემოდგომის სემესტრის 40 წარჩინებული მოსწავლე, რომელთაც კომპანიამ სასწავლო გრანტი გადასცა, მსგავსი ინიციატივა ყოველ ექვს თვეში ერთხელ გამეორდება.
ეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. ქართულ–გერმანული ცენტრისა და „მეიჯერელ საქართველოს“ პარტნიორობა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მათ ერთობლივი ორგანიზება გაუწიეს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც „მეიჯერელ საქართველო“ ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 50 ოჯახს დაეხმარა.
2020 წელს ქართულ-გერმანულ ცენტრი იუბილარია. უკვე 25 წელია, რაც ცენტრს, თავისი საქმიანობით, სასწავლო, გაცვლითი, კულტურული თუ საქველმოქმედო პროგრამებით უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოში გერმანული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში, გერმანელი და ქართველი ხალხის დაახლოებასა და მათ შორის კულტურული თუ ეკონომიური კავშირების განმტკიცებაში. 25 წელია, ქართულ-გერმანულ ცენტრში მიღებული გერმანული ენის ცოდნა, უამრავი ადამიანისთვის წარმატებული კარიერის სტარტად იქცა.
ჩვენთვის საამაყოა, რომ ისეთ ცნობილ და წარმატებულ კომპანიაში როგორიც არის „მეიჯერელ საქართველო“ ასობით ქართულ-გერმანული ცენტრის პროგრამაში მონაწილე და წარმატებული კურსდამთავრებული არის დასაქმებული
“Majorel” ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს, მისი თანამშრომლების რაოდენობა კი 48,000-ს უტოლდება.
ჩვენს ქვეყანაში კომპანიის წარმომადგენლობას – “მეიჯერელ საქართველოს” გერმანულენოვანი კადრების დასაქმების კუთხით მოწინავე ადგილი უჭირავს. კომპანიის თბილისისა და ქუთაისის ოფისებში უკვე 1000 ადამიანია დასაქმებული. მეიჯერელის თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს ეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებს სთავაზობენ.
ქართულ-გერმანულ ცენტრსა და “მეიჯერელ საქართველოს” შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მადლობა “მეიჯერელ საქართველო” დიდი ნდობისათვის. წინ კიდევ ბვრი ერთობლივი საინტერესო პროექტი იგეგმება, რაც ვიმედოვნებთ, რომ ბევრი თქვენგანისთვის წარმატების დასაწყისი იქნება.

0